პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი შიდა ქართლის რეგიონის 12 საჯარო სკოლის 20 მოსწავლე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში. მოსწავლეებმა მოინახულეს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, გაზეთის ,,პრაიმტაიმი რედაქცია და ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველო ოფისი.
მოსწავლეებს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბ-ნი ბექა ბაჯელიძე შეხვდა და ინსტიტუტის მუშაობის პრინციპები გააცნო, აჩვენა ვებ გვერდები სადაც ჟურნალისტების სტატიები ქვეყნდება. შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტების დარეგულირებისკენ მიმართულ პროექტებს.
გაზეთ ,,პრაიმტაიმის რედაქციაში მათ გაზეთის რედაქტორი ქ-ნი ქეთი ხატიაშვილი შეხვდა. მოსწავლეები ძირითადად დაინტერესდნენ გამოცემის პერიოდულობით, ტირაჟით და ასევე იმ თემების მოძიების გზებით, რაც ,,პრაიმტაიმში ექსკლუზიურად იბეჭდება.
ასევე მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ, რომელსაც გაზეთის რედაქცია სტუდენტებს სთავაზობს. ვიზიტი ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში დასრულდა, სადაც მოზარდებს უმაღლესი განათლების მიმართულების მენეჯერმა ქ-ნმა ხათუნა იოსელიანმა და კოორდინატორმა ქ-ნმა ნინო კიკნაველიძემ უმასპინძლეს, მოსწავლეებმა ფონდის ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და შეარჩიეს წიგნები, რომლებსაც დაპირებისამებრ ფონდი მათ გამოუგზავნის. მოგვიანებით ისინი საზღვარგარეთ სწავლების შესაძლებლობებს და აუცილებელ პირობებს გაეცნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ დაპირდნენ, რომ დაინტერესების შემთხვევაში ევროპაში ან ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად შესაბამის შესაძლებლობებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლოს ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ ოფისის წარმომადგენლებმა სტუმრებს საჩუქრად საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადასცეს.