ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი დავით დვალი ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებს საკრებულოს დარბაზში შეხვდნენ. კლუბის წევრებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელებს ქალაქში მათ მიერ დანახული პრობლემები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს – ზებრა გადასასვლელების “ტრიდე” ფორმატში დახატვა, მე20 საჯარო სკოლაში მისასვლელი გზის დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის განახლება, მე 6- სკოლაში სპორტული მოედნის არარსებობა, 28ე სკოლასთან ახლოს მდებარე დაზიანებული ხიდის აღდგენა, ქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებულ სპორტულ მოედნებზე ღამის განათების დამონტაჟება და ქუთაისში „არტ სკვერის“ მოწყობა.

ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღებით მოისმინეს მოსწავლეთა მიერ გაჟღერებული პრობლემები და ინიციატივები. ბ-ნმა შოთა მურღულიამ სამოქალაქო კლუბის წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიური მოქალაქეობისათვის და რამდენიმე პრობლემის მოგვარებაში პარტნიორობა შესთავაზა.

მერმა მოსწავლეთა მიერ დასმულ ყველა პრობლემაზე ისაუბრა. შეხვედრაზე კლუბის წევრები და ქალაქის ხელმძღვანელობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითზე შეთანხმდნენ.

ერთი ის, რომ ქალაქში “ტრიდე” ზებრა გადასასვლელს, ქალაქის მერიის მხარდაჭერით, ქუთაისის მე14 საჯარო სკოლის მოსწავლეები დახატავენ. ასევე, მერიის დაფინანსებით, აუცილებლად შეიქმნება „არტ სკვერი“, სადაც კლუბის წევრები სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს, ლიტერატურულ საღამოებს, ფილმის ჩვენებებს, დისკუსიებს გაუწევენ ორგანიზებას. შეხვედრა ორგანიზებული იყო ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში.