2016 წლის 17 მარტს თიანეთის N1 საჯარო სკოლის მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა პოლიტიკოს ქალბატონებთან – თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ქ-ნ ლელა ქიტესაშვილთან და გამგებლის მოადგილე ქ-ნ ლალი ბუწანკალურთან. შეხვედრაში, რომელიც კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა, მასპინძლებთან ერთად 20 მოსწავლე და სამოქალაქო განათლების ორი პედაგოგი მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ქალბატონებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეები დაინტერესდნენ, როგორია საქართველოში ერთადერთი არჩეული ქალი-გამგებლის წარმატების გზა, როგორ არის დაცული გენდერული ბალანსი გამგეობაში, როგორ ანაწილებენ საქმეს ოჯახში და ასე შემდეგ.

მოსწავლეებს, ასევე, აინტერესებდათ ინფორმაცია ახალი კოლეჯის შესახებ, რომელიც უახლოეს პერიოდში თიანეთში უნდა გაიხსნას. საუბარში გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის საკითხიც: თიანეთის მუნიციპალიტეტი გამოცხადებულია ,,მწვანე მუნიციპალიტეტად“ და მოსწავლეებმა გამოთქვეს მზაობა, ჩაერთონ ყველა იმ აქტივობაში, რომელსაც გამგეობა ამ მიმართებით განახორციელებს და თავადაც იზრუნონ ჯანსაღ გარემოზე.

სტუმრებმა, თავის მხრივ, გამგებელსა და მის მოადგილეს გააცნეს პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მიზნები, თავიანთი საკლასო პროექტები და უახლოესი გეგმები. გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.