გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბ-ნი გოჩა ჯამარაული და გამგებლის მოადგილე ბ-ნი დუნიამალ გაჯიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვდნენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: კალინინოს, ჯანდარას, ნაზარლოსა და გარდაბნის №4 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამგებელს და მის მოადგილეს გააცნეს პროგრამა “მომავლის თაობა” და მის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები.

სამოქალაქო კლუბების წევრებმა თავად ისაუბრეს მათ სკოლასა და თემში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე – სოფელ ნაზარლოს დედაქალაქთან დამაკავშირებელი ტრანსპორტის არ არსებობა, მაწანწალა ძაღლების პრობლემა, სკოლასთან სანაგვე ურნის არ ქონა, კალინინოს სკოლასთან არსებულ გზაზე მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟება, ჯანდარას სკოლაში სპორტული დარბაზისა და მოედნის რეაბილიტაცია, გარდაბნის №4 სკოლაში წყლის პრობლემა. გამგებელი კლუბის წევრებს აქტიურ თანამშრომლობასა და მათ მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა და პირადად ბატონი გოჩა ჯამარაული აქტიურად დაუჭერენ მხარს სიქას ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საფეხბურთო ტურნირს, რომელშიც პროგრამაში ჩართული სკოლები მიიღებენ მონაწილეობას. გოჩა ჯამარაულის ფონდიდან გამოიყოფა თანხა თასის დასამზადებლად, რომელიც ჩემპიონატში გამარჯვებული სკოლის გუნდს გადაეცემა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის მიერ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.