2015 წლის 14 მაისს ქსოვრისის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ,,ბაზისი“ ,,მცირე გრანტების“ პროექტის ,,ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“ პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი თემში არსებული პრობლემის – ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, ახალგაზრდებისა და საერთოდ, თემის ცნობიერების ამაღლებას და მათი დამოკიდებულებების შეცვლას ისახავდა მიზნად.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები. პროექტის მონაწილეებმა წინასწარ შეიმუშავეს კითხვარი, რათა გაერკვიათ მოსახლეობის ცნობიერების დონე ოჯახური ძალადობის შესახებ.
გამოიკითხა 150-ზე მეტი ადამიანი. ა.წ.
26 მარტს ჩატარდა კონფერენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობაზე“. მოწვეული სტუმარი ადვოკატი თამარ ბერძენიშვილი შეკრებილებს ესაუბრა ოჯახური ძალადობის ხელშემწყობ სტერეოტიპებზე. კონფერენციის ჩატარებისა და საინფორმაციო მასალის თემში გავრცელების შემდეგ, მოსახლეობაში გამოიკვეთა ცნობიერების ამაღლების ნიშნები, გამოკითხულთა შორის 30%-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის იდენტიფიცირების უნარები და 25 %-ზე მეტმა რესპონდენტმა გასცა დადებითი პასუხი კითხვას ,,უნდა მიმართოთ თუ არა შესაბამის სტრუქტურებს ოჯახური ძალადობის შემთხვევაში?“
მოეწყო ძალადობის თემაზე ნახატების გამოფენა. მასში სკოლის მეხუთე-მეექვსე კლასელები იღებდნენ მონაწილეობას . წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრებიდან შეირჩა სწორედ ის ნამუშევრები, რომლებიც ოჯახური ძალადობის თემას ეხებოდა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრები. პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი ვიდეო სიუჟეტი, რომლებშიც მონაწილეებმა საკითხის გამოკვეთის მიზნით, გაითამაშეს ოჯახური ძალადობის ამსახველი სიტუაცია. ვიდეომ ნათლად აჩვენა, თუ რა მძიმე გავლენას ახდენს მოზარდზე ოჯახური ძალადობა. სიუჟეტების ჩვენების შემდეგ პრეზენტატორებმა დარბაზში მყოფ მოსწავლეებს რამდენიმე კითხვა დაუსვეს ოჯახური ძალადობის იდენტიფიცირების და ძალადობის ფორმის გასარკვევად. სწორი პასუხების ავტორებს სამახსოვრო სამკერდე ნიშნები გადაეცათ. კლუბის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ ეს ვიდეო სიუჟეტები სხვა კლასებსაც აჩვენონ. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეთა თანამშრომლობამ სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან პროექტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა სასარგებლო შედეგიც გამოიღო. მუნიციპალური თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო კლუბს სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში ოთახი გამოუყვეს და გაარემონტეს, ასევე უახლოეს პერიოდში ტექნიკის კომპლექტსაც შეუძენენ, რაზეც პრეზენტაციის შემდეგ სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ლაბაურმა ისაუბრა. “მადლობა მინდა ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რადგან მათ მხარი აუბეს კლუბის წევრთა ყველა ინიციატივას და საშუალება მისცეს მოსწავლეებს თავიანთი ჩანაფიქრი საქმედ ექციათ. ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული“ – სთქვა სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგმა შორენა პაპაშვილმა შეხვედრის დასასრულს. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კლუბის წევრები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის და თემის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და მისი კოლეგები, რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, PH international-ის ,,მცირე გრანტების“ კოორდინატორი ინგა ქიბროწაშვილი. ძდექ-ის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი