ქვეშეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში სკოლისა და თემის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. სოფლის ბიბლიოთეკის დახურვის შემდეგ წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა.
წიგნები ტომრებში და ყუთებში იყო ჩალაგებული და მკითხველს არ ჰქონდა მისი გამოყენების საშუალება. წიგნების ინვენტარიზაცია-მოწესრიგების პროცესში ყველა მეათეკლასელი მოსწავლე ჩაება.
მოსწავლეებმა სასკოლო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო საქმიანობის და წიგნების ინვენტარიზაციის შესახებ კონსულტაციები გაიარეს და შემდეგ საქმეს შეუდგნენ. ბიბლიოთეკართან და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად მეათეკლასელები ერთი კვირის მანძილზე აწესრიგებდნენ და თაროებზე ალაგებდნენ წიგნებს.
მოსწავლეების ამ ინიციატივის შედეგად სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტი ლიტერატურის გამოყენების საშუალება მიეცა. მოსწავლეების შემდეგი საკლასო ინიციატივა ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას შეეხო. ტყის გაჩეხვა ეკოლოგიურ საშიშროებას უქმნის ქვეშეთის თემს, ასევე თემის პრობლემაა დანაგვიანებული გარემო. მოსწავლეებმა ეკოლოგიის თემაზე მოამზადეს კითხვარი და ჩაატარეს თემში გამოკითხვა. ასევე, დაამზადეს და მოსახლეობაში გაავრცელეს ბუკლეტი ,,გადავარჩინოთ მთა“. მასში მოცემულია ხის მოჭრის წესები და ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შემთხვევებში საჯარიმო სანქციების შესახებ. მოსწავლეებმა ასევე დაგეგმეს დასუფთავების და გამწვანების აქციები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და თემის წევრები.