ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მცირე გრანტის პროექტის „თანადგომა“ ფარგლებში, მოსწავლეებისათვის დევნილი ოჯახებიდან, სკოლაში ხელსაყრელი პირობების შექმნაზე იზრუნეს. სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლაში სწავლობენ მოსწავლეები, რომლებიც დადიან მოხისის დევნილთა ჩასახლებიდან.
მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სკოლა. უმცროსკლასელების საგაკვეთილო პროცესი ადრე სრულდება და ისინი ტრანსპორტს გარეთ ელოდებოდნენ, რაც განსაკუთრებით ცუდ ამინდში არ იყო მიზანშეწონილი.
სწორედ ამ მოსწავლეებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებდა პროექტი – ოთახის კეთილმოწყობას, სადაც ისინი დაკავდებოდნენ სხვადასხვა აქტივობებით საგაკვეთილო პროცესის დამთავრებამდე და სახლში წასვლამდე. სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში გამოყო ფართი და მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში შეიძინა ინვენტარი ოთახისთვის, ასევე წიგნები და მაგიდის სათამაშოები.
მოსწავლეებისათვის დევნილთა ჩასახლებიდან შეიქმნა გარემო, სადაც მათ შეუძლიათ წაიკითხონ, ითამაშონ ან უბრალოდ დაისვენონ სახლში გამგზავრებამდე. პროექტის განხორციელებამ კიდევ უფრო გაზარდა სამოქალაქო კლუბის მოტივაცია და სამოქალაქო აქტივიზმი. პროექტის განხორციელების პერიოდში მოეწყო არაერთი საქველმოქმედო აქცია. გაიმართა კულინარიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა. აქციიდან შემოსული თანხით მოსწავლეებმა დახმარება გაუწიეს ერთ დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახს. შემდეგ, სოფელში შეგროვდა სურსათი და გადაეცა 7 სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახს. მოსწავლეთა მიერ ინიცირებულ საქველმოქმედო აქციას შეუერთდა “კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ აგარის სწავლებისა და მომსახურების ცენტრი, რომელმაც 8 სასწავლო ვაუჩერი გადასცა დევნილი ოჯახების მოსწავლეებს, მისმა ხელმძღვანელმა ბატონმა ალექსანდრე ადამაშვილმა სურსათით დახმარება გაუწია დევნილთა ოჯახებს, ხოლო საკითხავი ლიტერატურა, სამოქალაქო კლუბის ბიბლიოთეკას გადაეცა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა კეთილმოწყობილი ოთახი და მყუდრო გარემო, სადაც მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიებები, მოეწყო ბიბლიოთეკა, გაიმართა შეხვედრები, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა სკოლის მოსწავლეებს შორის ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და თანადგომა, რამაც ხელი შეუწყო დევნილი მოსწავლეების თანასკოლელებთან ინტეგრირების პროცესს. მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, საქველმოქმედო თუ საგანმანათლებლო, რომლებიც გააძლიერებს დევნილი მოსახლეობის ჩართულობას და მოსწავლეების ერთობლივ მუშაობას სკოლისა და თემის საკეთილდღეოდ.