პროგრამის “მომავლის თაობა” ქვემო ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები თემისა და სკოლის პრობლემებს აგვარებენ, ახორციელებენ საკლასო პროექტებს და საკლუბო ინიციატივებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი აქტიურად ახორციელებს  სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაციას.

კლუბის წევრებმა დაასუფთავეს მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, მოასწორეს ზედაპირი, დახაზეს ფეხბურთის მოედანი. კლუბის წევრებმა დახმარებისთვის სკოლის დირექციას მიმართეს და შედეგად  სკოლამ შეიძინა ორი ბადე ფეხბურთის მოედნის კარებისათვის.

ქვემო სარალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სპორტს. ისინი გეგმავენ სასკოლო და ამხანაგური შეხვედრების ჩატარებას მათ მიერ კეთილმოწყობილ მოედანზე.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლის მე-9-10 კლასების მოსწავლეებმა საკლასო პროექტის ფარგლებში დასუფთავების და გამწვანების აქცია მოაწყვეს. აქციას სკოლის სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მოსწავლეებმა გამწვანებისთვის ნერგები თემში მოიძიეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის აზერბაიჯანული სექტორის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და მათი მეურვე პედაგოგი ესტუმრნენ თბილისში საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს შოთა რუსთაველის, თამარ მეფის, პლენარული და საკომიტეტო სხდომათა დარბაზები, პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო და გაეცნენ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას.