2015 წლის 21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას გეგმავენ. მოსწავლეები საზოგადოებაში ფლაერებს დაარიგებენ, რომელზედაც ასახული იქნება ბარბარიზმები და მათი შესატყვისი ქართული სიტყვები.
მოსწავლეთა ინიციატივას წინ უძღოდა ა.წ. 11 თებერვალს თბილისის რეგიონის პარტნიორი 9 სკოლის სამოქალაქო კლუბის 22 მოსწავლის შეხვედრა ფოტოგრაფ და კინო-სცენარისტ გოგა ჩანადირთან, რომელმაც ისაუბრა ქართული ენის ბარბარიზმისგან დაცვაზე, ენის თვითმყოფადობის შენარჩუნების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ბარბარიზმების მასიური გავრცელებით კნინდება და ღარიბდება მშობლიური ენა.