მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლა ახორციელებს მცირე გრანტის პროექტს ;ქალი- კაცობრიობის წარმატების საწინდარი;. სკოლაში მოეწყო მოსწავლეებისა და თემი წევრების შეხვედრები საქართველოს სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლებთან, ექიმთან და წარმატებულ აზერბაიჯანელ ქალებთან.
შეხვედრების დროს მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ადრეული ქორწინების შემთხვევაში თუ რას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო ნორმები და რა არის 2016-2018 წლების სტატისტიკა. ასევე ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციის გზებზე, თუ რა საფრთხეები ელოდებათ გოგონებს ჯანმრთელობის მხრივ, ადრეულ ასაკში ქორწინების დროს.სკოლაში მოწვეული იყვნენ წარმატებული აზერბაიჯანელი ქალები.
მათ ისაუბრეს განათლების აუცილებლობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა სიმბოლურად დარგეს მარადმწვანე ხეები სკოლის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
კასუმლოს საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ მარნეულისა და თბილისის პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს და გაეცნენ თუ რა პროფესიებს შეუძლიათ დაეუფლონ. ტურის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ილიაუნის 1+4 პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში და დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროგრამების შესახებ. „შემექმნა წარმოდგენა, რომ მეც აქ ვსწავლობ, ამ აუდიტორიებში დავდივარ. ჩემთვის საინტერესო იყო შემოთავაზებული პროფესიები – რამდენიმე მათგანის შესახებ პირველად გავიგე. შეხვედრებიდან დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ უფრო მეტი სწავლაა საჭირო“ აღნიშნა ნარმინ საფაროვამ, კასუმლოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ. პროექტის ფარგლებში იგეგმება ორენოვანი ბროშურის დაბეჭდვა ადრეული ქორწინების თემაზე.