სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დაგეგმილი ქალთა კვირეულის ფარგლებში, 2016 წლის 7 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით ფილმის „ახლა საით წავიდეთ“ ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ახალციხის კერძო სკოლის „მზექა“ მე-9 კლასის მოსწავლეებიც დაესწრნენ (სულ 25 მოსწავლე).
აღნიშნული ფილმი ლიბანელი რეჟისორის ნადინე ლაბაკის, კანის ფესტივალის და სხვა მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ფილმია, რომელშიც ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული ომის თემა და ქალის როლი მშვიდობის დამყარების პროცესში. ფილმის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებთან ერთად მოხეს საჯარო სკოლის პედაგოგებმა იმსჯელეს ფილმის შინაარსზე, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანების თანაცხოვრებისას მშვიდობის შენარჩუნება და ქალის როლი მშვიდობის დამყარების პროცესში.
„ძალიან შინაარსიანი და ჩვენი სოფლებისთვის დროულად საჩვენებელი ფილმი ვნახეთ. ჩვენს სოფელშიც არიან ქრისტიანები და მუსლიმები, რომელთა ურთიერთობები, სამწუხაროდ, ხშირად იძაბება.
კარგია, რომ მოსწავლეებმა ეს ფილმი ნახეს, რადგან მომავალმა თაობამ უნდა დანერგოს ადამიანებს შორის სიყვარული. ხოლო, როგორც ვნახეთ, ქალის როლი უმთავრესია მშვიდობის დამყარების პროცესში,“ – სთქვა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლის პედაგოგმა თამაზ მიქელაძემ.