ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას პროგრამის ,,მომავლის თაობა“ კახეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ და განახორციელეს აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ თემში საზოგადოების ცნობიერების გაზრდას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის და თელავის №6 საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრები, რომელებსაც დაესწრნენ სამოქალაქო კლუბის წევრები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
შეხვედრაზე განიხილეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ნაადრევი ქორწინების საკითხები. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და გამართეს საინფორმაციო კამპანია სკოლასა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასევე, საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს მატნის №2 და კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კისისხევის სკოლაში ჩატარდა დებატები ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, ხოლო, მატნის სკოლაში მოეწყო შეხვედრა, რომელზეც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე და დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.