დაბა ურეკის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, ისტორიულ მოვლენებსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალის როლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, კვირეული მოაწყვეს. კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებმა ჩაატარეს ესეების კონკურსი თემაზე ,,წარმატებული ქალები“ და 11 მარტს მოაწყვეს შეხვედრა დაბის უხუცეს ქალბატონებთან.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს მათ მიერ მომზადებული თემატური ესეები, დაჯილდოვდნენ გამარჯვებული ესეს ავტორები. ახალგაზრდებმა სტუმრებს დაუსვეს კითხვები საზოგადოებრივ აქტივობებზე მათ თანამედროვეობაში, ქალის როლზე და საზოგადოებრივ ჩართულობაზე, გაიზიარეს უფროსი ასაკის ადამიანების გამოცდილება და მიიღეს რჩევები მათგან.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა მოსწავლეების ინიციატივას და დაბის უხუცესი ქალბატონებისთვის გამოყო სიმბოლური საჩუქრები, ხოლო სკოლის თვითმმართველობამ კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს გადასცა სიგელები.