სამოქალაქო კლუბების ინიციატივით მარნეულის მუნიციპალიტეტში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა. ტურნირის მიზანი იყო ვაჟების გააქტიურება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა დაახლოება-დამეგობრება.
აპრილის და მაისის თვეებში ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: კაჩაგანის, ილმაზლოს, ქეშალოს, კირაჩმუღანლოს, თაქალოს, დამიაგეორარხის, ზემო სარალის და ქვემო სარალის საჯარო სკოლების სამოცამდე უფროსკლასელმა მოსწავლემ. 18 მაისს სოფელ კაჩაგანის №1 სკოლის მოედანზე გაიმართა ფინალური შეხვედრა კაჩაგანის №1 და ზემო სარალის სკოლების გუნდებს შორის.
ტურნირის ჩემპიონი მასპინძელი, კაჩაგანის №1 საჯარო სკოლა გახდა. ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს გადაეცა ფრენბურთის ბადე და ბურთი, გამარჯვებული გუნდი კი დაჯილდოვდება სპეციალური თასით.
ფრენბურთის ტურნირი მოეწყო პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით.