2015 წლის 20 მაისს ხაშურის დ. ყიფიანის სახელობის სკოლა- პანსიონში, მცირე გრანტის პროექტის “ფოტოგრაფია ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში ძალადობის ამსახველი ფოტოების და ესეების გამოფენა მოეწყო.
პროექტი, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად და ამისათვის პრობლემის ხელოვნებაში, კერძოდ ფოტოგრაფიაში ასახვა იყო გამოყენებული. მოსწავლეებმა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მრავალი საინტერესო ღონისძიება განახორციელეს, კერძოდ, სკოლაში გამოაცხადეს ესეებისა და ნახატების კონკურსი, მოამზადეს საინფორმაციო ბანერი და ფლაერები.
მოეწყო პრეზენტაციები ბულინგსა და ოჯახურ ძალადობაზე, ძალადობის თემაზე ჩატარდა ტრენინგები მოწვეული სპეციალისტების იურისტების და ფსიქოლოგების მიერ, ხოლო ფოტოგრაფიით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის ჩატარდა მასტერკლასი, რის შემდეგ ფოტომოყვარულებმა ძალადობის ამსახველი მოვლენები ფირზე აღბეჭდეს. ძალადობის ამსახველი ფოტოების და ესეების გამოფენას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, რესურს ცენტრის და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
გამარჯვებული ფოტოებისა და ესეების ავტორები დაჯილდოვდებიან პროექტის დასასრულს. შეხვედრაზე მოწვეულმა იურისტმა ბ-ნმა ზვიად გოგუაძემ შეკრებილ საზოგადოებას ძალადობის კლასიფიკაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები გააცნო, რომლებიც, მისი თქმით, შესაძლებელია მოსწავლეებმა პრაქტიკაშიც გამოიყენონ. „როცა ავირჩიეთ პროექტის თემა და მასზე მუშაობა დავიწყეთ, სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ხელოვნების, კონკრეტულად კი ფოტოგრაფიის საშუალებით გადმოგვეცა პრობლემის არსი. ძალადობის აღმოფხვრა არ არის მარტივი საქმე და მასზე გამარჯვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ პროექტის შედეგი ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც თვითონ პროექტი.. შევცვალოთ დამოკიდებულება და ძალადობის პრევენციას შევუწყოთ ხელი“- აღნიშნა სკოლა-პანსიონის სამოქალაქო კლუბის წევრმა მარიამ ლეშკაშელმა. ძალადობის ამსახველი ფოტოების და ესეების გამოფენა მოეწყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამა ორგანიზაცია PH International-ის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი“.