ჟინვალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა ანა ღანიაშვილმა, თორნიკე გულიშვილმა და გიორგი ნაყეურმა მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისათვის“. მოსწავლეებმა ერთობლივი პროექტი ,,ფეისბუქმუზეუმი: ჟინვალი – წყალსაცავამდე“ წარმოადგინეს.

პროექტმა კონკურსში ,,ჟიურის სიმპათია“ დაიმსახურა. https://goo.gl/435asd

პროექტის მიზანს ჟინვალის ფოტო-ისტორიის შეგროვება, წყალსაცავის სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე დადებითი და უარყოფითი ზეგავლენის შეფასება და დისკუსიის დაწყება წარმოადგენდა.

„ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პროექტზე მუშაობა. ჟინვალის ისტორიის გასაცოცხლებლად დავიწყეთ ფოტოების და მოგონებების შეგროვება.

ვესაუბრეთ ძველი ჟინვალის მაცხოვრებლებს. ჩვენს გვერდზე ატვირთულმა ფოტოებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. გვაქვს 400-ზე მეტი გამოხმაურება და 2000-მდე ნახვა. რაც მთავარია, კომენტარები მეტყველებს, რომ ვიზიტორებს აღელვებთ, აინტერესებთ ეს თემა. თავადაც გვიზიარებენ ფოტოებს და ინფორმაციას. ვიყავით მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ბიბლიოთეკებში, გვაქვს ახალი ინფორმაციები. კონკურსი დასრულდა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქმეს. ზაფხულში მეტი დრო გვექნება ახალი ინფორმაციების მოსაძიებლად და გვერდზე ასატვირთად“, – აღნიშნა პროექტის თანაავტორმა და კლუბის ლიდერმა ანა ღანიაშვილმა. პროექტი გრძელდება და მის ავტორებს აქვთ ჩანაფიქრი კიდევ მოიძიონ მასალები, მოიძიონ დონორიც და შეკრებილი ინფორმაცია ბეჭდური სახითაც გამოსცენ.