წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემში საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე იზრუნეს. სკოლა მთავარი ჩქაროსნული გზიდან 2 მეტრის დაშორებით მდებარეობს, სიჩქარის შემზღუდავი გამაფრთხილებელი ნიშანი კი სკოლის ჭიშკართან დგას და არა, წესისამებრ, 50 მეტრის დაშორებით.

ეს კი ვერ უზრუნველყოფს მძღოლის დროულად გაფრთხილებას და გზაზე გადასვლისას საფრთხე ექმნებათ მოსწავლეებს.ამასთან დაკავშირებით სკოლაში მოიწვიეს წალკის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი და აღნიშნული პრობლემა გააცნეს. ხელისუფლების წარმომადგენლებს მოეწონათ მოსწავლეთა აქტიურობა, თემის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა და სკოლის წინ საგზაო უსაფრთხოების ნიშნების მოწესრიგებას უახლოეს დროში დაჰპირდნენ მათ.

მოსწავლეებმა, ასევე, ინფორმაცია მოიძიეს საგზაო ნიშნების შესახებ, დაამზადეს ორენოვანი ბროშურა და სკოლასა და თემში გაავრცელეს. საგზაო ნიშნების შესახებ მათ პლაკატები და პოსტერებიც დაამზადეს და სემინარი ჩაუტარეს უმცროსკლასელებს, რომელთაც საგზაო ნიშნები და გზაზე მოძრაობის წესები გააცნეს.

პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოებით ფოტოსტენდიც გააკეთეს. „პროექტზე მუშაობისას უფრო მეტი გავიგე გზაზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ და ცოდნა უმცროსკლასელებსაც გავუზიარე. ვსწავლობ პრობლემის მოგვარების გზების ძიებას, რაც ვფიქრობ, აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში დამეხმარება“ -ამბობს ვარსენიკ ბაგდასარიანი, სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის მოსწავლე.მცირე გრანტის პროექტი „უსაფრთხო მოძრაობა“ განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.