პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი ,,ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვა“.აღნიშნული ტრენინგი პედაგოგებს დაეხმარება ამ ტიპის გაკვეთილისათვის დამახასიათებელი აქტივობების, მეთოდების, ზოგადად, გაკვეთილის გეგმის კომპონენტების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში, გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის უნარების განვითარებაში.
„ტრენინგზე დეტალურად გავეცანი ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვის მეთოდებსა და სტრატეგიებს, რეფლექსიის სტრუქტურას. ვფიქრობ, რომ ახლა უკეთესად შევძლებ გაკვეთილის გეგმის შედგენასა და ტრენინგზე მიღებული ცოდნის ჩემს სკოლაში, კოლეგებისთვის გაზიარებას“- ამბობს კახაბერ შონია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს სამოქალაქო განათლების პედაგოგი.„აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის დროული და საჭირო იყო, რადგან იმ პრობლემის გადაჭრაში დამეხმარება, რაც ჩემს მიერ დაგეგმილი ინტერაქტიული გაკვეთილის ჩატარებისას მქონდა.
ტრენინგზე განხილულმა საკითხებმა ნათლად დამანახა ხარვეზები, რომელთაც ადრე არ ვითვალისწინებდი. ტრენინგზე მიღებული ცოდნა სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ წარმართვაში დამეხმარება“ – ამბობს თამარ მამულაშვილი, თბილისის №132 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.