აქტივობის ფარგლებში მასწავლებლებმა ბავშვებს გააცნეს პატარა საკურორტო ქალაქში არსებული მთავარი გამოწვევები, როგორებიცაა უმუშევრობა, ეკოლოგიური პრობლემები, უნებართვო მშენებლობები და სხვა. სცენარის საფუძველზე, მოსწავლეების ნაწილმა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირების – ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და თვითმმართველობის სხვა თანამშრომელთა როლები მოირგო, ნაწილმა კი მედიის, სამოქალაქო აქტივისტებისა და გარემოს დამცველთა როლები გადაინაწილა.
სიმულაციის პროცესში მოსწავლეებმა გაითამაშეს საპროტესტო აქციები, მოამზადეს სატელევიზიო რეპორტაჟი, შეაგროვეს ხელმოწერები და პეტიციით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას.სიმულაცია 16 ივლისს, სურამის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სურამის N2, N3 და N4 სკოლების მოსწავლეებმა. ბავშვების ენთუზიაზმისა და დიდი ინტერესის საფუძველზე, აქტივობა 4 საათი გაგრძელდა.
მისი მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ, თუ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და რა გზებით შეუძლიათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მათ გარშემო არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. აქტივობა განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.