2015 წლის მარტიდან სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები სტაჟირებას გადიან რეგიონალური გაზეთის „სამხრეთის კარიბჭე“ რედაქციაში. მათ უკვე ჟურნალისტური უნარ-ჩვევები და სტატიის წერისა და ონლაინ სიუჟეტების მომზადების პრინციპები შეისწავლეს.

ამჟამად, პროგრამის მონაწილე „მოქალაქე ჟურნალისტები“ თეორიული სწავლებიდან პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდნენ. ახალგაზრდები სიუჟეტის გადაღებასა და მონტაჟს სწავლობენ .

სტაჟიორ მოსწავლეებს, გაზეთის „სამხრეთის კარიბჭე“ ჟურნალისტები და მემონტაჟეები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შესაბამის გაკვეთილებს უტარებენ. „ჩემთვის დიდი პატივია გაზეთის რედაქციაში სტაჟირების პროგრამით მონაწილეობა.

ჟურნალისტიკა ძალიან მაინტერესებს. სტაჟირების დროს დიდ და შრომატევად საქმეს შევეჭიდე ვისწავლე გაზეთის დაგეგმვა და მისი გამოსაცემად მომზადება. ამჟამად კი, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ვიძენ, ვსწავლობ ინტერვიუს აღების ტექნიკას. მალე ჩემს პირველ სტატიასაც გამოვაქვეყნებ,“ -აღნიშნა სტაჟირების პროგრამის მონაწილემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ქრისტინე ინასარიძემ.