2016 წლის 25-27 ივნისს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; სტაჟირების კომპონენტის ფარგლებში იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა/სემინარი სახელწოდებით – ,,თვითმმართველობის სკოლა;;. ,,თვითმმართველობის სკოლის;; მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ თვითმმართველობის არსსა და ფუნქციებს, პრაქტიკულ საქმიანობას.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარები თემებზე: თვითმმართველობა და მმართველობა, თვითმმართველობის არსი, ფუნქციები, ექსკლუზიური და დელეგირებული უფლება მოვალეობები, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, თვითმმართველობა და მედია, თვითმმართველობების ახალგაზრდული ბიუჯეტები. სემინარებს უძღვებოდნენ ქრისტინე მაღლაკელიძე – იურისტი, თეონა ხარაბაძე – ჟურნალისტი და თამარ ნიკოლეიშვილი – მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი.
სემინარების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურებში გაიარეს სტაჟირება. ისინი გაეცნენ ადმინისტრაციული, არქიტექტურისა და ზედამხედველობის, ეკონომიკის განვითარების, კეთილმოწყობის, საბინაო სამსახურების და ქუთაისის საკრებულოს მუშაობას.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში მოსწავლეები შეხვდნენ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ დავით დვალს და თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ ნიკოლოზ ლატარიას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეების ყველა შეკითხვას უპასუხა. შეხვედრის დასასრულს დავით დვალმა მოსწავლეებს ,,თვითმმართველობის სკოლაში;; მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადასცა. სტაჟირება და სემინარი გაიარა 25-მა მოსწავლემ. ,,საინტერესო დღეები იყო, ცოდნა და ბევრი დადებითი ემოცია მივიღეთ. გავეცანით ქუთაისის მერიის სამსახურის მუშაობას, როგორ ხდება პროექტების შედგენა, ქუჩების რეაბილიტაცია, მოსახლეობის აღწერა, საჯარო ინფორმაციის გაცემა,;; განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ანა ახვლედიანმა. გოგა ცუცქირიძე, ჭიათურის სოფელ სვერის საჯარო სკოლის მოსწავლე: ,,ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო დღეები იყო, მადლობა ყველას, პროგრამას ,,მომავლის თაობა;;, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს;;. სემინარზე და სტაჟირების დროს მიღებულ ცოდნას მოსწავლეები სამოქალაქო აქტივობების და ინიციატივების განხორციელების დროს გამოიყენებენ.