გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი მიზნად ისახავდა სკოლის ეზოში სპორტული მოედნის აღდგენას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. პროექტის დასაწყისში მოსწავლეებმა აწარმოეს საინფორმაციო კამპანია – მოამზადეს და თემში გაავრცელეს ლიფლეტები და პოსტერები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
მოსწავლეთა ინიციატივით სკოლაში მოეწყო უმცროსკლასელ მოსწავლეთა ნახატების გამოფენა – „სპორტი ჩვენს ცხოვრებაში”. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში ჩატარდა მოსწავლეების შეხვედრა სპორტსმენებთან – სკოლის კურსდამთავრებულებთან და ექიმთან.
პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა სპორტული მოედნის აღდგენისთვის საჭირო მასალები და სპორტული ინვენტარი. მოსწავლეთა მშობლები და თემის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სარემონტო სამუშაოებში.
სპორტის მასწავლებლის დახმარებით სკოლაში ჩამოყალიბდა ფრენბურთის და კალათბურთის გუნდები. თელეთის სკოლის მოსწავლეების ინიციატივით ჩატარდა სპორტული ტურნირები ფრენბურთსა და კალათბურთში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს სოფლების თელეთის, კუმისის, წალასყურის, მუხრანთელეთის ,ზემო თელეთის და ქვემო თელეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და თემის წევრებმა. ტურნირის მონაწილეებმა დაათვალიერეს თელეთის სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. აღდგენილი სპორტული მოედანი მასპინძლობდა სოფლის დღესასწაულს „თელეთობას“, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. წელს, ამ დღეს, აღდგენილ სპორტულ მოედანზე ჩატარდა ფრენბურთისა და კალათბურთის მეგობრული შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც თელეთის, ისე მიმდებარე სოფლების – წალასყურის, ქვემო თელეთის, კუმისის, ახალწყლის წარმომადგენლებმა. სპორტული მოედნის აღდგენას მოჰყვა სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, რომელიც სკოლამ საკუთარი ხარჯებით განახორციელა. პროექტით შეძენილ სპორტულ ინვენტარს მოსწავლეები გამოიყენებენ დარბაზშიც, უამინდობის დროს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.