2015 წლის 28-29 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების 11 პედაგოგს, დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონიდან (აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა) სოციალური მედიის 2 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის დროს პედაგოგებმა შეისწავლეს ბლოგების შექმნა და გამოყენება პროფესიული განვითარების მიზნით.

პედაგოგები ასევე დაეუფლნენ ბლოგების საშუალებით ონლაინ პორტფოლიოების შექმნას, ისწავლეს თუ როგორ უნდა გაუზიარონ კოლეგებს ინფორმაცია პროფესიული მიღწევების შესახებ, მოახდინონ ინტერაქცია კოლეგებთან და მოსწავლეებთან და გაეცნონ სხვა ინფორმაციას იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც ახორციელებენ მოსწავლეები და პედაგოგები სკოლისა თუ საზოგადოების საკეთილდღეოდ. „ტრენინგზე მივიღე თეორიული ცოდნა სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, რჩევები რითაც უნდა ვიხელმძღვანელო, ასევე მივიღე ინფორმაცია მედია განათლებაზე, როგორც საგანმანათლებლო პროცესის სპეციფიურ მიმართულებაზე და, რაც მთავარია, ვისწავლე ბლოგის შექმნა.

ძალიან მინდა, რომ ჩემი ბლოგი იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი და მისი საშუალებით ჩემს კოლეგებს გავუზიარო გამოცდილება. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და აქტუალური.

ეს ცოდნა და გამოცდილება თვითრეალიზების შესაძლებლობას გვაძლევს“- სთქვა ქეთევან რუსეიშვილმა, ბათუმის სკოლა “ევრო 2000” სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ტრენინგის დასასრულს. ა.წ. 12-13 დეკემბერს, პროგრამის ფარგლებში, სოციალური მედიის ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების სამოქალაქო განათლების პედაგოგებსაც ჩაუტარდებათ.