თბილისის №30 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში „სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის“. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სმენის პრობლემის მქონე მოზარდებისთვის ჟესტურ ენაზე გადაეტანათ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიდეოები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს Facebook-ის და YouTube-ის გვერდი, რომლის საშუალებითაც ავრცელებდნენ მომზადებულ ვიდეოებს, აქტიურად იყენებდნენ ბლოგებსაც. პროექტის „ჩვენ გვესმის ერთმანეთის“ ფარგლებში უკვე დამზადდა 10 ვიდეო რგოლი.
მათი თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს: ბავშვთა უფლებების კონვენციას და დემოკრატიის საფუძვლებს. ვიდეოებს უკვე 10000-ზე მეტი ნახვა აქვთ.
მოსწავლეები გეგმავენ პროექტის გაგრძელებას და მსგავს ვიდეოებს მომავალშიც გადაიღებენ. „ჟესტური ენის სწავლის პროცესი ძალიან რთულია, შრომას, დროსა და მონდომებას მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, მსგავსი საქმიანობა ყველა მოქალაქის ვალია, რადგანაც ამით ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ საზოგადოებაში ინტეგრირება,” – ამბობს თბილისის №30 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი ლუკა ბაკუზანოვი.