მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს, ბალდისა და კიწიის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ განხორციელდა ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტი ,,სილამაზე და დასვენება“, რომელიც სკოლის ეზოებში რეკრეაციული ზონის მოწყობას, ახალგაზრდებში ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლებას, საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის განვითარებას ისახავდა მიზნად. სკოლებში სკვერის მოწყობისთვის შეირჩა შესაფერისი ადგილები, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რომელშიც სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, გაიმართა გამწვანების აქცია, დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და დარიგდა თემში, ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია.

პროგრამის ,,მომავლის თაობა“ დახმარებით სკოლებმა შეიძინეს სამშენებლო მასალები, მარადმწვანე მცენარეები, საყვავილე ქოთნები, ეზოს სკამები. ასევე ახალგაზრდებს დახმარება გაუწიეს მშობლებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ.

პროექტის ფარგლებში სამივე სკოლაში განახლდა ეზო, შეიქმნა რეკრეაციული ადგილები. პროექტმა ხელი შეუწყო მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის და სოფლის მოსახლეობის ჩართულობას ახალგაზრდულ ინიციატივებში და თემში ეკოლოგიური განათლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.