ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა მცირე გრანტის პროექტის „სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია“ ფარგლებში საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარეს.
მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები გარემოს დაცვის საკითხებზე და საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსისა და დაწესებული ჯარიმების შესახებ, რომელიც სოფელ სვირის თემში შემავალ სამი სოფლის – სვირის, ბოგას და ტატანისის მოსახლეობას დაურიგეს. პროექტის ფარგლებში სოფლებში, გარემოს დაცვის მოწოდებით პოსტერები განთავსდა, თემის წევრებისთვის ნაჩვენები იყო გარემოს დაცვის თემაზე ფილმი.
გაიმართა შეხვედრა საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის თავმჯდომარესთან ბატონ ნუგზარ თათეშვილთან, რომელმაც კლუბის წევრებს დაკომპოსტირების მეთოდების შესახებ ინფორმაცია გააცნო და საინფორმაციო მასალა მიაწოდა. ამჟამად პროექტის ფარგლებში სოფელ სვირის სკოლის ეზოში ყვავილების ბილიკი კეთდება.
„მოსწავლეების მიზანია მცირე გრანტის ფარგლებში მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია, დააკომპოსტიროს ნარჩენები, რომელიც ნიადაგისთვის სასარგებლოა და შემდეგ წელს ნაკვეთებში შეიტანოს“ – აღნიშნა სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა ნუგზარ ლომიძემ. სამოქალაქო კლუბის მიერ ჩატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა სოფლის მოსახლეობამ და სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეების მიერ დაგეგმილ საქმიანობაში სკოლის ეზოს შემოღობვაში.