2016 წლის ბოლოს, აჭარის, სამცხე–ჯავახეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა. შეხვედრებზე მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას – პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს.
წარმოდგენილი იყო პედაგოგთა და მოსწავლეთა საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა და მოსწავლეების მიერ სხვადასხვა თემაზე მომზადებული ვიდეორგოლები. პროგრამის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სემესტრის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოების თავმჯდომარეებმა კი ორგანიზაციის ბოლო პერიოდის საქმიანობა შეაჯამეს. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მცირე გრანტის პროექტების შესახებ ისაუბრეს და წარმატებული ინიციატივების პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
წარმატებული საქმიანობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სკოლის დირექტორები და მოსწავლეები. ინფორმაცია სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებების შესახებ გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ. სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები დასრულდება 2017 წლის იანვარში. სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა” ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.