2015 წლის 15 ივლისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა, საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით “ვეხმარებით ზოოპარკს გამართეს. აქციის მიზანი ზოოპარკის დახმარება გახლდათ.
მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთები ბუკიას ბაღში გაყიდეს და შემოსული თანხა მთლიანად ზოოპარკს გადაურიცხეს. აქციისთვის თბილისის 8 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბების წევრები ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ.
მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შეძენილი მასალებისგან, საკუთარი ხელით დაამზადეს გულსაკიდები და სხვადასხვა სუვენირები. მას შემდეგ, რაც აქციაზე გასაყიდი ნივთები უკვე მზად იყო, საბურთალოს გამგეობის დახმარებით მერიისგან ნებართვა მიიღეს, რომ გამოფენა-გაყიდვა ბუკიას ბაღში გამართულიყო.
მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. გამოფენა გაყიდვა 6 საათს გაგრძელდა. მოსწავლეები, ვერც იმ დღეს წამოსულმა წვიმამ შეაშინა. მათ მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციის შედეგად 300 ლარი შეგროვდა. 21 ივლისს საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი მოსწავლეები ზოოპარკს ესტუმრნენ. მათ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადარჩენილი ცხოველები მოინახულეს, ასევე შეხვდნენ ზოოპარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს საქველმოქმედო აქციის ჩატარებისთვის და აღნიშნეს, რომ მოსწავლეების ინიციატივა მისასალმებელი და სამაგალითოა. ზოოპარკში ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებმა შემოსული თანხა ზოოპარკის საბანკო ანგარიშზე გადარიცხეს. სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები მომავალშიც გააგრძელებენ 13 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დახმარებას.