,,ევროინტეგრაცია საქართველოს გადაწყვეტილი ამოცანაა“ – განაცხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა საჯარო ლექციაზე, რომელიც გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრა, 17 მაისს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მხარდაჭერით გაიმართა და საზოგადოებაში ევროინტეგრაციის შესახებ ცნობადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ევროკავშირის არსი, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და პერსპექტივები, ასოცირების შესახებ შეთანხმება და სავიზო ლიბერალიზაციის მიმდინარე პროცესი წარმოადგენდა მთავარ განსახილველ საკითხებს. სემინარის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მინისტრის მოადგილემ და ქალაქის მერმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს და აქტიური მონაწილეობისათვის სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიებაზე საჯარო სკოლებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეები მოაწყეს, სადაც წარმოდგენილი იყო ევროპული სახელმწიფოების კულტურა და ღირებულებები, ეროვნული სამოსი და კერძები, მოეწყო ნახატების გამოფენა.

საჯარო ლექციას საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.