წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლამ უმასპინძლა სამოქალაქო განათლების თემებზე მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის, საყდრიონის, ავრანლოს, არწივანის და წალკის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. საკონფერენციო თემები მომზადდა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები “თავისუფალი მედია”, “საზოგადოებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი სარგებელი, პრობლემები და მათი გადაჭრის ალგორითმი”, “არა მავნე ჩვევებს!”, “ნაადრევი ქორწინება”, “ჩვენი კონსტიტუცია”, “სახელმწიფოს მმართველობა”, “რა სჭირდება ადამიანს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან”, “გენდერი”, “სკოლის თვითმმართველობა და მასში მონაწილეობა”; ვიდეორგოლები და თვალსაჩინოებები. გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემში ჩაატარეს კვლევა თემის პრობლემების გამოსავლენად და შედეგი წარმოადგინეს დიაგრამების სახით.
სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, კერძოდ, საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობის გააზრება, საზოგადოებრივი სარგებლის არსის გარკვევა, საზოგადოების პრობლემების კვლევა და გადაჭრის გზების ძიება. კონფერენციამ აჩვენა მოსწავლეთა სამოქალაქო კულტურა და კიდევ უფრო გაუსვა ხაზი სამოქალაქო განათლების სწავლების აქტუალობასა და მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ წალკის №1 საჯარო სკოლა, რომელიც PH International-ის მიერ განხორციელებული “სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” სამიზნე სკოლა იყო 2010-2014 წლებში, აქტიურად თანამშრომლობს პროგრამაში “მომავლის თაობა” ჩართულ წალკის საჯარო სკოლებთან. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ციალა ხვინთელანი თავდაუზოგავად უზიარებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას კოლეგებს, რაც სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ეხმარება სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიულ ზრდაში.