ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მოეწყო სასწავლო ვიზიტები თბილისში. კლუბის წევრები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ.
სადაც ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსს ნუგზარ კანდელაკსა და მოხალისეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორს ანა ხაბარელს შეხვდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა კლუბის წევრებს წარუდგინეს თავიანთი სამინისტროს მიზნები და მიმდინარე პროგრამები.
თავის მხრივ კლუბის წევრებმა გააცნეს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ მიზნები და პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბების მიერ გაწეული საქმიანობები. სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან 2016 წელს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიონ მოსწავლეთა ინიციატივებს, რომლის მიზანი მათი რეგიონის განვითარება იქნება.
შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სპორტული მუზეუმი და მოისმინეს ისტორიები წარმატებულ ქართველ სპორტსმენებზე. ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრებიც გადასცეს. დღე საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკაში ვიზიტით დასრულდა, სადაც დაათვალიერეს მხატვარ ვლადიმერ ასათიანის გამოფენა, სამკითხველო დარბაზები, უნიკალური წიგნადი ფონდი, მოისმინეს საინტერესო ისტორია ბიბლიოთეკის შესახებ და ისწავლეს ელექტრონული კატალოგის მოხმარება.