იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო სასწავლო ვიზიტებში. კლუბის წევრები ქუთაისის 59ე საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ, სადაც კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ავთანდილ ოსეფაიშვილს, საიას თავმჯდომარეს გიორგი სანტურიანს და საიას პროგრამების დირექტორს ნოდარ ჯიქიას შეხვდნენ, რომლებიც მოსწავლეებს საარჩევნო კოდექსზე, მაჟორიტარი კანდიდატების არჩევის წესსა და არჩევნების სახეებზე ესაუბრნენ.

შემდეგი ვიზიტი აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის ენერგოეფექტურობის ლაბორატორიაში მოეწყო. მოსწავლეები ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ომარ ზივზივაძესა და ასოცირებულ პროფესორს ქეთი ცხაკაიას შეხვდნენ.

მათ მოსწავლეებს ენერგოეფექტურობის შესახებ ლექცია ჩაუტარეს და ასევე ენერგოეფექტურობაზე ანიმაციური ფილმი აჩვენეს. პროფესორმა ირმა ქათამაძემ კი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ შმაგი ალავიძესთან ერთად, სამოქალაქო კლუბის წევრებს ელექტროენერგეტიკული სისტემების ლაბორატორია დაათვალიერებინეს.

იმავე დღეს მოსწავლეები წყალმომარაგების კომპანიაში იმყოფებოდნენ. მათ ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორი ირაკლი ტურძელაძე შეხვდა. ბატონმა ირაკლიმ მოსწავლეებს დაათვალიერებინა ძველი და ახალი შენობები, გააცნო რეზერვუარების დანიშნულება და ფუნქციები. კლუბის წევრები, ასევე დაესწრნენ წყლის სინჯების აღებას. სასწავლო ვიზიტების დროს მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. ქეთი აქირთავა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლა: ,,ძალიან საინტერესო დღე იყო, მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული, უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღეთ, განსაკუთრებით წყალმომარაგების კომპანიაში მომეწონა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ წყალთან დაკავშირებით ამდენი საინტერესო ამბის მოსმენა მომიწევდა“. ვიზიტებში იმერეთის 11 საჯარო სკოლის 25 მოსწავლე მონაწილეობდა.