გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა 2020 წელს დაიწყეს პროექტი „სიკეთე სიკეთისთვის“, რომელიც დღესაც გრძელდება. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და მშობლების დახმარებით, მოსწავლეებმა რამდენჯერმე მოაწყვეს ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა. შეგროვილი თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინტერნეტის შეყვანას მოხმარდება. სამოქალაქო განათლების პედაგოგი მიმოზა ღოლიჯაშვილი გვიყვება, რომ ინტერნეტის შეყვანისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია 8 ოჯახში, სადაც, საერთო ჯამში, 18 სკოლის მოსწავლე ცხოვრობს.