2015 წლის 24 მაისს, ახალციხეში „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი – 2015“ გაიმართა. ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“, დემოკრატ მესხთა კავშირის, World Vision Georgiaს ინიციატივით ჩატარდა.

ფორუმში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების ხუთი სასკოლო სამოქალაქო კლუბის 25 მოსწავლე მონაწილეობდა. დემოკრატ მესხთა კავშირის წევრებმა, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს მოემზადებინათ პროექტები 5 თემაზე – თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგია/გარემოს დაცვა და ტურიზმი, რომლებიც შემდგომ, სამუშაო ჯგუფებში განიხილეს და დღის მეორე ნახევარში პოტენციურ დამფინანსებლებს წარუდგინეს.

„ფორუმზე ხუთი პროექტის პრეზენტაცია წარმოვადგინეთ: სკოლაში ბულინგის შემცირება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით თემში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების მოწყობა, გარემოს დაცვის მიზნით სკვერების გამწვანებისა და დასუფთავების აქციების ორგანიზება, ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ისტორიული ძეგლების შესახებ საინფორმაციო ბანერების დაბეჭდვა, გავრცელება და მოხალისეობის კულტურის დანერგვა. ეკოლოგიის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის თემებზე წარმოდგენილ ორ პროექტს გამოუჩნდა მხარდამჭერები, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე დავიწყებთ პროექტების განხორციელებას“ – სთქვა ფერსის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა რიტა გოგოლაძემ.

ახალგაზრდების მიერ პროექტების წარდგენის შემდეგ, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ შესაბამის ჯგუფს გამწვანებასთან დაკავშირებით, დახმარება შესთავაზა. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ინიციატივას კი მხარი დაუჭირა ფირმა „ლელას“ დირექტორმა დალი ქოზაშვილმა. „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფორუმების გამართვა, რადგან გამორიცხულია კაბინეტიდან მართო ეს საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის და მოსახლეობის გარეშე. მოვისმინე ახლგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტები და მინდა ვთქვა, რომ გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით მომზადებულ პროექტებს განვიხილავ და შეძლებისდაგვარად, ახალგაზრდებს დავეხმარები“, სთქვა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ბესარიონ აბაშიძემ. „World Vision Georgia-ს“, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ და „ახალციხის დემოკრატ მესხთა კავშირის“ ორგანიზებით, მსგავსი მასშტაბის ფორუმი რეგიონში პირველად შედგა. ფორუმის მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება, მათ მიერ პრობლემების კვლევა და პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძებნა იყო. ახალგაზრდული ფორუმის მუშაობას დაესწრნენ მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერი. ფორუმის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ხუთივე პროექტი განხორციელდება.