2015 წლის 23 ივნისს, სასტუმრო „ზფ პალასში” სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის პარტნიორი სკოლების წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას აკადემიური წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობები, ინიციატივები და მცირე საგრანტო პროექტები წარუდგინეს.

მოსწავლეებმა ასევე მოაწყვეს კლუბების საქმიანობის ამსახველი ფოტო გამოფენა. წარმოდგენილი იყო კლუბების მიერ მომზადებული ჟურნალები და საინფორმაციო მასალა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკული ორგანიზაცია PH international-ის აშშ ოფისის დირექტორი ქ-ნი ენ მარტინი, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე, საბურთალოს რაიონის გამგეობის, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზის და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი თემურ ტარტარაშვილი, ფოტოგრაფი ბ-ნი გოგა ჩანადირი და ჰერეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მშობლები. შეხვედრაზე მყოფ ქართველ სტუდენტებს ჰერეთიდან გადაეცათ თბილისის №107 საჯარო სკოლის ინიციატივით და თბილისის სხვა სკოლების მხარდაჭერით შეგროვებული ქართული ლიტერატურის წიგნები, რომლებსაც ისინი ჰერეთში ქართული სკოლის მოსწავლეებს ჩაუტანენ.

შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და საოფისე ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლების პედაგოგები დააჯილდოვა.