2015 წლის 16 მაისს  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი, ბ-ნი სტივენ ჰეიკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქ-ნი თამარ სანიკიძე  და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი, ქ-ნი მარინა უშვერიძე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მოწვეული პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 400 პედაგოგი  სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო.

მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ. კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ცერემონიალის მსვლელობისას სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო – მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი. კონფერენცია-გამოფენა  სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. კონფერენცია-გამოფენის მხარდამჭერია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).