2015 წლის 6 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,მამულის“ წევრებმა, სკოლაში სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების პოპულარიზაციის მიზნით ვიქტორინა მოაწყვეს. ვიქტორინის ორგანიზებაში მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა.
უფროსკლასელები ერთმანეთს შეეჯიბრნენ და გამოვლინდნენ ვიქტორინის გამარჯვებულები. შემდეგ, სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თავიანთ მეურვეობაში მყოფი დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები გადაამზადეს სამოქალაქო განათლების საკითხებში და ჩაატარეს ვიქტორინა მათი მონაწილეობით.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა პრიზი. ღონისძიების მომზადება-განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის 50-მა მოსწავლემ, პედაგოგებმა, მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფელი საჭამიასერი დიდი მანძილითაა დაშორებული მუნიციპალურ ცენტრს, რის გამოც მუნიციპალურ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობა გაძნელებულია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებების მოწყობა მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარებისა და სტიმულირებისთვის. სამოქალაქო განათლების პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროგრამის პარტნიორია გურიის რეგიონში.