სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის შპს სკოლაში “ორნატი” სამოქალაქო განათლების სასწავლო კაბინეტი მოეწყო. ქ.
ზესტაფონის შპს სკოლა “ორნატი” კერძო სკოლაა, სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად ზრუნავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თუმცა, საინტერესო და ეფექტური გაკვეთილის ჩასატარებლად შესაბამისად აღჭურვილი სივრცე სკოლაში არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, მცირე გრანტის ფარგლებში სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა სამოქალაქო განათლების კაბინეტის მოწყობა გადაწყვიტა.
პედაგოგის ინიციატივას მხარი დაუჭირა სკოლის ადმინისტრაციამ და შესატყვისი ფართი გამოყო სკოლაში. პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მასალა სკოლის ადმინისტრაციამ შეიძინა, სამუშაოები კი მოხალისეებმა განახორციელეს, გრანტით მიღებული თანხა კაბინეტისთვის ავეჯის შეძენას მოხმარდა. პროექტს თანადამფინანსებელი გამოუჩნდა სს ,,გრაცია’’, რომლის ადმინისტრაციამ სამოქალაქო განათლების კაბინეტისთვის პროექტორი შეიძინა. დღეს, სკოლას თანამედროვე ტექნიკით (ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი) აღჭურვილი სამოქალაქო განათლების კაბინეტი აქვს, რომელიც პედაგოგებს საშუალებას აძლევს მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი წარმართონ, მოსწავლეებს კი – აქტიურად დაგეგმონ და განახორციელონ კლასგარეშე სამოქალაქო აქტივობები.