კისისხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საკლასო პროექტი, რომელიც მოსწავლეთა შორის წიგნის კითხვის ხელშეწყობას   ისახავდა მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად მოსწავლეებმა სკოლაში სამკითხველო დარბაზის მოწყობა გადაწყვიტეს.

იდეის განხორციელებისთვის მოსწავლეებმა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ითანამშრომლეს. მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა სკოლის ადმინისტრაციამ, რომელმაც სამკითხველოსთვის გამოყო ოთახი, ხოლო სარემონტო სამუშაოებისათვის  თანხა.

სოფელში არსებულმა ღვინის ქარხნის ,,შუხმან ვაინს ჯორჯია“ ხელმძღვანელობამ შეიძინა სამშენებლო მასალები და გადასცა სკოლას. სოფლის გამგეობამ სკოლას გადასცა წიგნის კარადა და მაგიდები, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციამ World Vision, ,,კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამამ“, ახალგაზრდებს სამკითხველო დარბაზისთვის არაერთი საინტერესო წიგნი უსახსოვრა.

კისისხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამკითხველო ოთახის მოწყობის პროცესში, ისინი სამშენებლო სამუშაოებშიც მონაწილეობდნენ. ამ ეტაპზე კისისხევის სკოლას აქვს ძალიან ლამაზი და კომფორტული სამკითხველო ოთახი, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას.