ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის ქართული სექტორის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტის “მე და ჩემი ინიციატივა“ ფარგლებში გადაწყვიტეს დახმარებოდნენ ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახს. მოსწავლეებმა შეაგროვეს შეშა, საკვები და ტანსაცმელი.
აქტივობაში ჩაერთვნენ სკოლის აზერბაიჯანული სექტორის IX-XI კლასების მოსწავლეები და მშობლები. შეგროვილი პროდუქტი და ნივთები მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა აღნიშნულ ოჯახს მიუტანეს.
სტუმრობისას გაირკვა, რომ ოჯახის უმცროსი წევრი უსახსრობის გამო ვერ დადის სკოლაში. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პატარას სკოლის ადმინისტრაციასთან უშუამდგომლონ და მისი სკოლაში დაბრუნების ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილონ.
გარდა ამისა, მოსწავლეები გეგმავენ საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ოჯახის შეშით უზრუნველყოფის შუამდგომლობის მიზნით. საკლასო პროექტის განხორციელებით მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ მათაც შეუძლიათ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება და სათემო პრობლემების მოგვარება.