ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა საკლასო პროექტი ,,გახდი მწვანე მოქალაქე“. პროექტის პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები, ნახეს ფილმი ,,Nature is speaking – Mother nature ” და გამართეს დისკუსია.
სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა ,,ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს“. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ხაშურის სატყეო დეპარტამენტთან.
აღნიშნულმა სამსახურმა მოსწავლეებს გამოუყო ფიჭვის ნერგები, რომელიც დაირგო სურამის სპორტული მოედნისა და სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს მწვანე ყუთები და დაიწყეს მაკულატურის შეგროვება.
მაკულატურის ჩაბარების შემდეგ იგეგმება წიგნების შეძენა სასკოლო ბიბლიოთეკისათვის. „დიდია სკოლის მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა საკლასო პროექტებში, შედეგი კიდევ უფრო დიდია, რამეთუ იზრდება გარემოსა და საზოგადოებაზე მზრუნველი, საკუთარი და სხვისი უფლებების დამცველი, აქტიური მომავალი თაობა“ -აღნიშნა სკოლის დირექტორმა დალი ბროლიძემ.