2015 წლის 21 აპრილს ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში, მე-10 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით,   გარემოს დაცვის თემაზე  გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით  “ჯავახეთის წყლები”. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც ეხებოდა  ჯავახეთში არსებული მდინარეებისა და ტბების დაცვას დაბინძურებისაგან.

შეხვედრას ესწრებოდნენ   არასამთავრობო ორგანიზაციის „ჯავახეთის ჯანსაღი გარემო“ წარმომადგენელი აღას ზალალიანი, პედაგოგები,  მოსწავლეები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „ნინოწმინდაში ბევრი მიწისქვეშა წყლებია, რაც ჯავახეთისთვის დამახასიათებელია.

ტბებსა და მდინარეებში ბევრი სხვადასხვა სახეობის თევზია. ახალგაზრდა თაობა ვალდებულებას ვიღებეთ, გავუფრთხილდეთ საქართველოს უნიკალურ ბუნებას.

დღეს მოვიწვიეთ სტუმრები, რომლებსაც ვაჩვენეთ ჯავახეთში არსებული მდინარეებისა და ტბების  მდგომარეობა, მოვლის საჭიროება და მათი დაცვა დაბინძურებისაგან.“ – აღნიშნა ღონისძიების მონაწილე მოსწავლემ გიორგი ჯავახიშვილმა. – საქართველოს კანონში წყლის შესახებ  ნათქვამია: “ყველა, საქართველოში მცხოვრები, ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაცვა, არ დაუშვას მისი გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა.“  სახელმწიფო ზრუნავს ამ საკითხის მოგვარებაზე და ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესს – განაცხადა  არასამთავრობო ორგანიზაციის  „ჯავახეთის ჯანსაღი გარემო“  წარმომადგენელმა ბ-ნმა აღას ზალალიანმა. ღონისძიების დასასრულს გადაწყდა,  რომ  მოსწავლეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათი დახმარებით რეგულარულად მოხდება წყლის სათავე ნაგებობების, ტბებისა და მდინარეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება. მოსწავლეები, ასევე ჩაატარებენ საინფორმაციო კამპანიებს „ჯავახეთის წყლების“ დაცვის საჭიროების შესახებ,  მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით.