22 თებერვალს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს საინტერესო სტუმარი – დამხმარე სახელმძღვანელოს „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ ავტორი ბატონი ალუდა გოგლიჩიძე ეწვია. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
ბატონმა ალუდამ მონაწილეებს გააცნო სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი და ესაუბრა მასში მოცემული საკითხების სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. სტუმარმა სკოლის მართვის დემოკრატიულ პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით პედაგოგებს თავისი პრაქტიკული გამოცდილებაც გაუზიარა.
ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქის აღზრდის პროცესისათვის სკოლის თვითმმართველობებში მონაწილეობა, უფლებებისა და მოვალეობების ცოდნა. ბატონმა ალუდამ ასევე უპასუხა პედაგოგთა შეკითხვებს დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნის პრინციპებსა და მისი დანერგვის შესახებ.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი პედაგოგისათვის ბევრის მომცემი იყო ბატონ ალუდასთან შეხვედრა, რადგან ასეთი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანთან დიალოგით ნათლად ხედავ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ“– სთქვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ხუციშვილმა.