ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „მოსწავლეებში წიგნის კითხვის კულტურის ამაღლება“. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა  და სკოლას გადასცა 500 ლარი.

სკოლაში განახლდა ოთახი, სადაც მოეწყო სამკითხველო, შეივსო წიგნების ფონდი, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების წიგნთან დაახლოებას და აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობას. პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა დისკუსია თემაზე „წიგნიერების როლი აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის“, სკოლის ქართული და აზერბაიჯანული სექტორის უფროსკლასელების მონაწილეობით ჩატარდა ესეების, ნახატების და სლოგანების სასკოლო კონკურსები აქტიური მოქალაქეობის და წიგნიერების თემაზე.

მოეწყო შეხვედრა პოეტ ლილი გოგებაშვილთან, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო თავისი შემოქმედება, ესაუბრა წიგნიერების როლზე და სავანეთის სკოლა და მოსწავლეები საკუთარი წიგნებით დაასაჩუქრა. პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა  ქართულენოვანი სხვადასხვა ჟანრის და ასაკისთვის განკუთვნილი წიგნები.

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკაში დარეგისტრირდნენ მკითხველებად, რაც მათთვის ახალი გამოცდილება იყო. პარალელურად, მოსწავლეებმა დაიწყეს ადვოკატირების კამპანია სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გასამდიდრებლად. დახმარებისთვის მიმართეს ბოლნისის გამგეობას, წიგნების გამომცემლობებს და მაღაზიებს. შედეგად, გამომცემლობა „არეამ“, მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსი“ და ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკამ სავანეთის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა წიგნები. მოსწავლეებმა შექმნეს წიგნების კატალოგი და სოფლის თავშეყრის ადგილებში გამოაკრეს ინფორმაცია, რომ სოფლის მოსახლეობასაც შეუძლია ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკით. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, პროექტის აქტივობების და ადვოკატირების გამოცდილება გაეზიარებინათ სხვა მოსწავლეებისთვის. ამ  მიზნით გადაიღეს ვიდეო რგოლი ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე და განათავსეს ინტერნეტ სივრცეში. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სტუმრებს აჩვენეს  ვიდეო რგოლი, გააცნეს პროექტის მიმდინარეობა და წარმოადგინეს ლიტერატურულ-ისტორიული ინსცენირება, წაიკითხეს ქართველი მგოსნების ლექსები, რომელიც შეძენილი და წაკითხული წიგნების დახმარებით მოამზადეს.