2015 წლის, 5 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნათია ჯოხაძე სამოქალაქო განათლების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს 2015 წლის 3 მაისს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები დახმარებას გაუწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამის რევიზიის პროცესში, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სამინისტროსა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ასევე რეკომენდაციებს მისცემენ სამინისტროს სამოქალაქო განათლების ეფექტიანი სწავლებისათვის შესაბამისი მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით. სამუშაო კვირის მანძილზე, ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრებს გამართავს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობას მოიაზრებს ჯგუფის საკონსულტაციო სამუშაო.
ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან ჯეიმს ლენგელი, ჯონ ნელსონი და ქეთრინ ლენგელი, რომლებსაც სამოქალაქო განათლების საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ როგორც აშშ-ში, ასევე საკონსულტაციო სამუშაოს მხრივ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი მიმდინარეობს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოში.