2015 წლის 4 მარტიდან,   პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლის მოსწავლეები, აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო სესიებში, რომელიც მიზნად ისახავს დიდი ავიატორის ალექსანდრე ქართველიშვილის მოღვაწეობის პოპულარიზაციას საქართველოში. ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

მის მიერ არის შექმნილი 15-მდე სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის პირველი- F-47, რომელიც ამერიკის ლეგენდად ითვლება. სწორედ ამ თვითმფრინავმა მოუტანა ამერიკის შეერთებულ შტატებს გამარჯვება მეორე მსოფლიო ომის დროს.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ცოტა ადამიანი იცნობს  ალექსანდრე ქართველის დამსახურებას და ბიოგრაფიას. საგანმანათლებლო სესიებს, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავიატორის შესახებ, ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტი ქალბატონი ლელა ქართველიშვილი უძღვებოდა.

პროგრამის ფარგლებში სესიები დღემდე საქართველოს  7 რეგიონში ჩატარდა და მოიცვა 200-ზე მეტი მოსწავლე. მოსწავლეებისთვის სესიები ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. მათ  გაიცნეს კიდევ ერთი ცნობილი ქართველი ემიგრანტი, მიმოიხილეს მისი ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები. სესიების დროს ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობის შესახებ. „სემინარზე მიღებული ინფორმაცია იმდენად საინტერესო იყო, რომ შემდეგ შევეცადე ინტერნეტში მეტი ინფორმაცია მომეძია მის შესახებ. ჩვენ გავიგეთ ბევრი რამ ქართველ ავიატორზე, რომელიც წლების განმავლობაში რუსი ეგონათ. ჩემთვის კი საამაყოა, რომ ის ქართველი იყო, რამეთუ მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკის ავიაციის განვითარებაში“ – ბექა ხუნჯუა, ჭაქვინჯის სამოქალაქო კლუბი.