ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, მალკეინის ასოციაცია ბავშვებისათვის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელეს მცირე საგრანტო პროექტი ,,სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შშმ პირებისათვის“. პროექტის მიზანი სკოლაში რესურს ოთახის შექმნა და შშმ მოსწავლეთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა გახლდათ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა რესურს ოთახი, რომელიც სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გაარემონტა, ადაპტური ავეჯი და განმავითარებლები კი გრანტის ფარგლებში შეიძინეს. რესურს ოთახით არა მარტო ლაცორიის საჯარო სკოლის სსმ მოსწავლეები ისარგებლებენ, არამედ პროექტის განხორციელებისას ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ მეზობელი სოფლების ლაჯანა, ორბელი, ალპანას საჯარო სკოლის მოსწავლეები და სსმ მასწავლებლები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კვლევა ,,რა არის შეზღუდული შესაძლებლობა“, ტრენინგი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, კითხვისა და ხატვის დღეები. საქველმოქმედო აქციები.
ასევე დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც თემში გავრცელდა. 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სკოლაში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და სსმ მოსწავლეებთან ერთად მომზადებული საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდა მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის წარმომადგენელი თემურ გიგაური. ,,სხვაგან ვერსად ვერ შეხვდები ასეთ გულწრფელობას, რაც დღეს ამ ღონისძიებაზე ვნახე, მადლობა მათ გულწრფელობისთვის და ასეთი დამოკიდებულებისათვის. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამსრომლობას“ -სთქვა თემურ გიგაურმა შეხვედრის დასასრულს.