2015 წლის 1 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით ჩატარდა რეგიონული მრგვალი მაგიდა.

შეხვედრას ესწრებოდა პროგრამის ,,მომავლის თაობა” სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტნიორი ქართული და სომხური სექტორის სკოლების 20 პედაგოგი. მრგვალი მაგიდის თემა იყო ,,მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა-პრეზენტაცია”.

პრეზენტაცია წარადგინა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ას.

პროფესორმა, ბ-ნმა პეტრე ბაბილუამ. ბატონმა პეტრემ დამსწრე პედაგოგებს გააცნო სქემის მიზანი, რეგულირების სფეროები და პედაგოგებისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსების მიღწევის გზები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და კონკრეტული სიტუაციების განხილვა. შეხვედრა წარიმართა ორ ენაზე. „პედაგოგებმა ინფორმაცია მიიღეს ახალი სქემის შესახებ, თუ რამდენი კრედიტ ქულა უნდა დააგროვონ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია სახელფასო პოლიტიკის შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იყო მასწავლებლის დამატებით საქმიანობების ჩამონათვალი, რომლის შესრულება დაეხმარება მათ კრედიტ ქულების დაგროვებაში“ – სთქვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორმა ქ-ნმა ნინო ნადირაძემ.