სამოქალაქო განათლების საგნის სწავლებას საქართველოს სკოლებში სულ 10-12 წლის ისტორია აქვს. ამ საგნის შემოღება სკოლებში ერთერთი საშუალებაა მოსწავლეთა სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად, რომლებსაც ეცოდინებათ თავიანთი უფლება-მოვალეობები, სამოქალაქო პასუხისმგებლობები და შეეძლებათ მათი რეალიზება.მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების უკეთ ჩამოსაყალიბებლად, სამოქალაქო განათლების პროექტი „მომავლის თაობა“ აქტიურად მუშაობს სკოლებთან და შედეგებსაც იღებს.რას გულისხმობს სამოქალაქო განათლების პრაქტიკაში გამოყენება მოსწავლეებისათვის, როგორ აღვკვეთოთ სკოლებში ბულინგი და სხვა უსიამოვნებები? ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს სამოქალაქო განათლების პროგრამის, „მომავლის თაობის“ დირექტორი, მარინა უშვერიძე ესაუბრა.- ჩვენი პროგრამა ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებით.

მიმდინარე სემესტრიდან 230 ახალ სკოლასთან დავიწყეთ თანამშრომლობა. ამ პროგრამის მიზანია, სკოლებში გაუმჯობესდეს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხი და მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.

სამოქალაქო განათლება ეს არის მე-9 და მე-10 კლასებისთვის სავალდებულო საგანი, რომლის მიზანია მოსწავლეებში მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება. მათ უნდა გააცნობიერონ როგორც საკუთარი უფლებები, ასევე საკუთარი მოვალეობები საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

ჩვენ ამ სფეროში 2010 წლიდან ვმუშაობთ სკოლებთან და ვეხმარებით მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის არის დამხმარე სასწავლო რესურსების სკოლებისთვის მიწოდება, პედაგოგების გადამზადება, მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია სკოლასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. – მაგალითად, როგორი პრობლემები იგულისხმება?- ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგალითად, როგორ გავხადოთ სკოლა უფრო ხელმისაწვდომი შშმ პირებისთვის. ან თუნდაც, როგორ დავძლიოთ თანატოლთა შორის ჩაგვრა, ანუ ბულინგი. ეს შეიძლება იყოს გამწვანება, გარემოს დასუფთავება და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა თემა. მაგალითად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების კვლევა და ამასთან დაკავშირებული დისკუსიები მოსწავლეთა შორის…
ეს შეიძლება იყოს კონფლიქტის არიდების სხვადასხვა სტრატეგიაზე მუშაობა, ჯანსაღი ცხოვრებისა და ჯანსაღი კვების პრინციპებზე ზრუნვა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა თავად მოსწავლეებმა სკოლის კაფეტერიიდან ამოაღებინეს სწრაფი კვების პროდუქტები. გამოიკვლიეს გაზიანი და კონსერვირებული პროდუქტების მავნებლობა და მოითხოვეს მათი ამოღება. – თავად მოსწავლეები იკვლევენ?- დიახ, აწარმოებენ შესაბამის კვლევას, ხვდებიან შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს, მათგან იღებენ ინფორმაციას და ინტერნეტითაც იძიებენ. ამუშავებენ მოძიებულ ინფორმაციებს და ხვდებიან შესაბამის პირებს, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფებათ. მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა სკოლის დირექტორებს მოსთხოვეს გაზიანი სასმელებისა და ჩიფსების ამოღება და მათი ჩანაცვლება უფრო ჯანსაღი პროდუქტით.ბავშვები აწყობენ ასევე თამბაქოს საწინააღმდეგო აქციებს და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას ცდილობენ.

ეს საქმიანობა სამოქალაქო განათლების პედაგოგების ხელშეწყობით ხდება, მაგრამ, ძირითადად მოსწავლეების ინტერესებსა და იდეებს ეფუძნება.მაგალითად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მოსწავლეებმა იქ არსებული მინერალური წყლის პოპულარიზაციაზე დაიწყეს ფიქრი. შეხვდნენ გამგეობის წარმომადგენლებს და მათი მოთხოვნით, მოხდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. შეისწავლეს ამ წყლის თვისებებიც და დარწმუნდნენ მის სარგებლობაში – ბორჯომის წყალთან მიახლოებული თვისებები აქვს. დადგეს ბანერი, რომ ტურისტმა თუ საქართველოს მკვიდრმა, შეამჩნიოს, მივიდეს და დააგემოვნოს ეს წყალი.ბავშვებს ხშირად უზრუნიათ ასევე სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციაზეც. რუსთავის გამგეობაში განცხადება შეიტანეს, რომ მისამართის აბრები და ნუმერაცია ყოფილიყო საცხოვრებელ კორპუსებზე. ხშირია სკოლებთან სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერების დამონტაჟება, რომ ავარიების ალბათობა შემცირდეს. ანუ ჩვენი მუშაობის მთავარი ქვაკუთხედი არის ის, რომ, ბავშვებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მხოლოდ თეორიული ცოდნა კი არ მიიღონ მოქალაქის უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფო მოწყობის შესახებ, არამედ პრაქტიკაშიც გამოიყენონ ეს ცოდნა.- როგორ არჩევთ სკოლებს, რომლებთანაც თანამშრომლობთ?- ამ ეტაპზე მოთხოვნა იყო კონტიგენტიანობა და ასევე, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან არსებული მზაობა, ასევე სურვილი, რომ ჩაერთონ პროგრამაში და განახორციელონ აქტივობები და გამოიყენონ ჩვენი პროგრამის რესურსები. ამასთან, ვეცადეთ, რაც შეიძლება თანაბრად ვყოფილიყავით წარმოდგენილი ყველა მუნიციპალიტეტში.- თავად მასწავლებლებს რამდენად აქვთ გაცნობიერებული სამოქალაქო ინიციატივების აუცილებლობა?- შექმნილია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული ასოციაცია, რომელიც 1000-ზე მეტ სამოქალაქო განათლების პედაგოგს აერთიანებს.

მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, მონაწილეობენ პროფესიულ შეხვედრებში, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ იმ სტრატეგიებზე, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ამ საგნის სწავლება. ჩვენც ხელს ვუწყობთ მათ საქმიანობას. როდესაც კონკრეტული შედეგები იდება და ხვდებიან, რომ ერთად ბევრი ცვლილების მოტანა შეუძლიათ სკოლისთვის, ძალიან აქტიურდებიან როგორც მოსწავლეთა ჯგუფები, ისე თავად პედაგოგებიც. ეს საგანი ჩვენთან სავალდებულო დაახლოებით 10–12 წელია და ჯერ არ არის ყველა სკოლაში ისეთი მდგომარეობა, რომ პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდნენ. ძირითადად, თეორიის დონეზე რჩებიან, თუ გარე დახმარება ვერ მიიღეს. თავიდან, მუშაობა რომ დავიწყეთ, ვუხსნიდით პედაგოგებს, რატომ იყო საჭირო ტრენინგის გავლა. პედაგოგები პროფესიულად ძალიან გაიზარდნენ. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამა თუ იმ სკოლიდან გამოვედით, უმრავლეს შემთხვევაში ისევ აგრძელებენ კლუბების საქმიანობას და მოსწავლეთა პრაქტიკულ აქტივობებს უწყობენ ხელს. ეს პროექტული სწავლება ზედმეტ ძალისხმევას, ენთუზიაზმს მოითხოვს პედაგოგის მხრიდან. ეს დამატებით ანაზღაურებადი სამუშაო არ არის. ამიტომ დამატებითი დატვირთვა ყველა პედაგოგს არ უნდა. ჩვენ სხვადასხვა მექანიზმით ვახდენთ ამ პედაგოგების მოტივაციის ამაღლებას – კონკურსები, გამოფენები, კონფერენციები ეწყობა. წლის პედაგოგის ჯილდოსაც ვაწესებთ და ვამაღლებთ მოტივაციას.- ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს სკოლებში აგრესია და ბულინგია. რა შემთხვევებს აწყდებით და როგორია პრობლემის გადაჭრის გზების ძიება მოსწავლეებთან ერთად?- დიახ, ხშირია ჩაგვრა და მოსწავლეებიც ხშირად ირჩევენ ამ თემას. ბულინგის დროს, მოსწავლეებისთვის მთავარია, არ აჰყვნენ მჩაგვრელს და, თუ შეუძლიათ, უთხრან – „შეჩერდი“. ხშირად ამას ვერ აკეთებენ, რადგან აგრესიის ეშინიათ. თანატოლებმა აუცილებლად უნდა გამოუცხადონ თანადგომა ჩაგრულს და გაახმოვანონ პრობლემა. სანამ ჩაგვრა მძიმე შედეგებამდე მივა, მანამდე კარგა ხანს ჩანს ამის ნიშნები.

ერთ წუთში არ იწყება და არ მწიფდება კონფლიქტი თანატოლებს შორის. ბულინგის დროს ერთი და იგივე ბავშვის სისტემატური ჩაგვრა მიმდინარეობს. თბილისელმა მოსწავლეებმა კვლევა ჩაატარეს, თუ რა იცოდნენ მათმა თანატოლებმა ბულინგის შესახებ და აღმოაჩინეს, რომ ძალიან ბევრმა არც კი იცოდა, თუ ასეთი ტიპის მიდგომა ჩაგვრად ითვლებოდა და ისეთი სერიოზული იყო, რომ შეიძლებოდა მოჰყოლოდა ტრაგიკული შედეგები. ბულინგის თემა ამავე ბავშვებთან და ფსიქოლოგებთან ერთად განიხილეს, ფილმიც აჩვენეს ბულინგზე და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა დახმარებოდნენ მსხვერპლის როლში მყოფებს. ამ შეხვედრებზე მყოფმა ბავშვებმა შეიცვალეს დამოკიდებულება, ამ სკოლებში ახლა წახალისებული კი არ არის ჩაგვრა, პირიქით, ცუდ ტონად მიიჩნევა.- როგორია მშობლების როლი და ცნობიერება სამოქალაქო თვითშეგნებაში?- მშობლების ცნობიერების პრობლემაც გვაქვს. მშობლებს ეშინიათ, მაგალითად, ბულინგის თემაზე დიალოგის დაწყების, რათა მერე უარესად არ დაისაჯონ მათი შვილები. ხშირად თვითონ მსხვერპლსაც ეშინია ამის გაცხადება, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა, მოძალადე უფრო უარესად გაუსწორდეს. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებით ისე უნდა შეიცვალოს საზოგადოების განწყობა და როლი, რომ კი არ ეშინოდეთ, გვერდში დაუდგნენ დაჩაგრულს და მარტო არ დატოვონ ამ პრობლემასთან.

ინერტულობა ამ სიტუაციაში პოტენციურად დანაშაულია.- გოგონებს შორისაც ხშირია ჩაგვრა?- დიახ, ხშირია, მაგრამ ვაჟებს შორის ეს უფრო თვალსაჩინო იმიტომ არის, რომ ხშირად ძალისმიერი ფორმით ვითარდება, ფიზიკურად აზიანებენ ერთმანეთს. გოგონებს შორის კი არსებობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ბულინგი და ასევე კიბერბულინგი ანუ ძალადობა ინტერნეტსივრცეში. გოგონებს შორის, ფიზიკურ ჩაგვრაზე მეტად, ფსიქოლოგიური ბულინგი სჭარბობს – გარიყვა, იზოლაცია, მასხრად აგდება… – ინტერნეტსივრცეში ძალადობა რითი გამოიხატება?- ეს არის სხვადასხვა სახის დამცინავი ინფორმაციის გავრცელება იმ ადამიანზე, რომელიც ბულინგის მსხვერპლია. მაგალითად, არასასურველი ფოტოების განთავსება. ამ მხრივ მუშაობა ახლა იწყება. მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოზარდებს, თუ რა არის დასაშვები და რა – არა, რომ ყველა სახის ჩაგვრა თავიდან ავიცილოთhttp://www.etaloni.ge/geo/main/index/7007