ბორჯომის ივ, ჯავახიშვილის კერძო სკოლა-ლიცეუმის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, განახორციელეს მცირე-გრანტის პროექტი „ჩვენ ვიცავთ კანონს“, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოს დაცვას დაბინძურებისგან. პროექტის ფარგლებში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსმა სპეციალისტმა გიგა მუმლაძემ მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგი „დაცული ტერიტორიები და ნარჩენების მართვა“.
მოსწავლეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს, რომელზეც მოცემული იყო ნარჩენების მართვის კოდექსის სანქციები გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. აქციას მასშტაბური ხასიათი მიეცა, ის პარალელურად მიმდინარეობდა ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.
აღნიშნული საკლასო პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის „ბორჯომი ინფო“-ს მიერ მოსახლეობას დაეგზავნა გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური ინფორმაცია. პროექტის „ჩვენ ვიცავთ კანონს“ დასასრულს 2017 წლის 30 მარტს ბორჯომის ცენტრალურ უბნებში მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი შინაარსის სტენსილები განათავსეს.
საკლასო პროექტს მხარი დაუჭირეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საკრებულომ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ადმინისტრაციამ, ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა მედიამ – ტელეკომპანია „ბორჯომი“, გაზეთი „ბორჯომი“.